ლაგოდეხში ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარმოადგენს დამოუკიდებელ პლატფორმას, რომლის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თემების მობილიზაცია მათთან თანამშრომლობისა და მათი გაძლიერების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის განვითარებას. LAG-ი LEADER მიდგომის ნაწილია, რომელიც ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისათვის გამოიყენება და რომლის მორგებაც საქართველოს რეალობაზე ხდება. ლაგოდეხის LAG-ი აერთიანებს მუნიციპალიტეტის 15-ივე თემის წარმომადგენლებს: კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სახით.

გენერალური ასამბლეა LAG-ის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს. მისი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. იგი ირჩევს მმართველობით საბჭოს, რომელიც განაგებს LAG-ს და უზრუნველყოფს მის ქმედითუნარიანობასა და მდგრადობას.LAG-ის მმართველობითი საბჭოს მიერ ხდება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურების დასახელება . სამივე კანდიდატურას ამტკიცებს გენერალური ასამბლეა. ახლახან ლაგოდეხის LAG-მა პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია.

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შედგება 100 წევრისაგან, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას. იგი მუშაობს ასოციაციის მსგავსი პრინციპით, რომელსაც მართავს გენერალური ასამბლეა, და დემოკრატიულად არჩეული დირექტორთა საბჭო; ჯგუფის მარეგულირებელი ბაზა განსაზღვრულია მისი წესდებით. CARE-მა ხელი შეუწყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნაში, რომელიც ემყარება კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და აერთიანებს ადგილობრივ მხარეებს, ადგილობრივ მოთხოვნებს და ტერიტორიულ რესურსს, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობების ქმედითი გამოყენება.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი არის ფიზიკურ პირთა, იურიდიული პირების და სახელმწიფო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ასოციაცია, რომელიც ახდენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების მობილიზაციას, და თანამშრომლობისა და პოტენციალის გაძლიერების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებას. ასოციაცია გამიჯნულია ნებისმიერი პოლიტიკური მიზნებისაგან და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საქმიანობს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
- თანასწორობა სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის;
- თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა წევრებს შორის, რასის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური კუთვნილების, ან პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ამოცანებსა და საქმიანობის მიმართულებებს:

  • ასოციაცია ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას. მისი ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარება, კერძოდ: სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ხარისხის და სერვისების გაუმჯობესება; ეკონომიკური საქმიანობების მეშვეობით ხელს უწყობს დასაქმების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნას  მუნიციპალიტეტების სოფლებში და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების მხარდაჭერა;
  • სოფლის განვითარების ვერტიკალური (ქვევიდან ზევით) მიდგომის ევროპული პრაქტიკის და დეცენტრალიზებული მიდგომების გაძლიერება;
  • საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლის მოსახლეობის გაძლიერების მხარდაჭერა;
  • სოფლის განვითარების ახალი მეთოდების და რესურსის დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში ნოვატორული და მიზნობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გზით;
  • სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მხარდაჭერა, გაძლიერება და გაფართოება, ქსელების შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღების გზით;
  • ქვეყნის მასშტაბით სხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალური განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მოტივირება ქვედა დონეზე რეგიონულ განვითარებაში ვერტიკალური მიდგომის (ქვევიდან ზევით) დასანერგად;
  • LEADER მიდგომის განხორციელება სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამაში;
  • ვორქშოპების, სემინარების, კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზება და ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით;
  • პოტენციალის გაძლიერებისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის სწავლების და ტრენინგების ორგანიზებას და შეთავაზებას;
  • საგრანტო კონკურსის მომზადება და ჩატარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ხელშემწყობი პროექტების დასაფინანსებლად;
  • ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მხარდაჭერა დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად;
  • ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის, საინფორმაციო მომსახურების, საკონსულტაციო მომსახურების მართვა და დარგობრივი სპეციალისტების ჩართვა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პროექტების ქმედითად განხორციელებისათვის