LEADER - სოფლის განვითარების სფეროში ევროკავშირის ახალი მიდგომაა, რომელიც ითვალისწინებს სოფლად თემების მობილიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას. LEADER მიდგომის განხორციელება სოფლის თემებში თავდაპირველად 1991 წელს დაიწყო. ამ მეთოდის მეშვეობით ხდება სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი/საარსებო პირობების გაუმჯობესება, სასოფლო დასახლებებში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და გადაჭრის ახლებური გზების გამოძებნის წახალისება. პრაქტიკამ დაადასტურა LEADER მეთოდის ეფექტურობა და სწორედ ამიტომ, LEADER გახდა სოფლის განვითარების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი. ეს მიდგომა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

LEADER მიდგომის მიზანია სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გადაჭრის გზით. იგი ითვალისწინებს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ ფორმებს. LEADER მიდგომის ფარგლებში ხორციელდება ასევე ადგილობრივი რესურსის მობილიზება და მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა კულტურული ღონისძიებები, გარემოს გაუმჯობესება, სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფლის ტურიზმი და სხვა.

LEADER მიდგომის ფარგლებში ხდება მხარეთა ერთად მუშაობის წახალისება, გეგმების დასახვა და ადგილობრივ დონეზე სერვისების მიწოდება. გეოგრაფიულ ტერიტორიაზე დაფუძნებული და ვერტიკალური მიდგომის (ქვევიდან ზევით) გამო ამ მეთოდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი მოიცავდა სამ ძირითად ტალღას: LEADER I, 1991-93 წლებში, LEADER II – 1994-1999 წლებში და LEADER + (2000-2006 წლებში). მიდგომის პოპულარობის გამო LEADER ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთაც გავრცელდა.

LEADER მიდგომის ძირითადი ელემენტები:

ელემენტი 1: გეოგრაფიულ ტერიტორიაზე დამყარებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები
გეოგრაფიულ ტერიტორიაზე დამყარებული მიდგომა გულისხმობს საერთო ტრადიციების მქონე ადგილობრივი მცხოვრებლებით დასახლებულ გარკვეულ ტერიტორიას. ამ ელემენტში მნიშვნელოვანია ტერიტორიული პრინციპი, ვინაიდან იგი განსაზღვრავს, სად უნდა წარიმართოს და საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა. იგი იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს ადგილობრივი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე შესაძლებლობები და გამოწვევები შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.

ელემენტი 2: ვერტიკალური (ქვევიდან ზევით) მიდგომა
ვერტიკალური (ქვევიდან ზევით) მიდგომა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების და ადგილობრივი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. ისინი თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს ადგილობრივი კონტექსტისა და ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით. პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები თანხვედრაშია ამ მიდგომასთან. ხდება სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების გაერთიანება, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო სექტორები. მიდგომა ასევე ითვალისწინებს პოტენციალის გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.

ელემენტი 3: საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობები: ადგილობრივი განვითარების ჯგუფები 
ადგილობრივი განვითარების ჯგუფები წარმოადგენენ LEADER მიდგომის მთლიანი პროცესის განხორციელების მთავარ მამოძრავებელ ძალას. მათი ძირითადი ფუნქციაა ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის და თანმხლები პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელება და ფინანსური საკითხების გადაჭრა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი თავს უყრის ადამიანურ და ფინანსურ რესურსს ყველა სექტორიდან, როგორიცაა: საჯარო, კერძო, ბიზნესის, და ა.შ. იგი ასევე მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს შემდგომი რეგიონული/ადგილობრივი განვითარებისათვის. პარალელურად იგი აძლიერებს დიალოგსა და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის, ერთობლივი ძალისხმევით.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს აქტიური მოქალაქეებისაგან შემდგარ ადგილობრივ სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად ცხოვრების გაუმჯობესებას. ჯგუფში ჩართული მხარეები სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენენ: პროფესიულ ორგანიზაციებს, პროფესიულ კავშირებს, მოსახლეობას და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივ პოლიტიკურ და საჯარო სექტორის მხარეებს, გარემოსდაცვით და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, და ა.შ. ისინი თავიანთ საქმიანობაში იყენებენ LEADER მიდგომას.

ელემენტი 4: ინოვაციების ხელშეწყობა
ინოვაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები უაღრესად მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, LEADER მიდგომა მოიცავს ინოვაციების ადგილობრივ დონეზე ხელშეწყობის ელემენტებს. ეს შეიძლება იყოს ახალი პროდუქტის დანერგვა, ახალი ტექნოლოგიური პროცესი, ახალი ბაზარი, და ა.შ. ინოვაციის ცნება ფართოა.

ელემენტი 5: ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი ღონისძიებები
ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას უნდა ჰქონდეს მრავალდარგობრივი განვითარების მიმართულებები და აერთიანებდეს რამდენიმე სფეროს. ამას გარდა, ქმედებები უნდა იყოს დაკავშირებული და ეხებოდეს კონკრეტულ თემატურ ჯგუფებს და სფეროებსაც.

ელემენტი 6: კავშირების დამყარება და ქსელური მუშაობა
ქსელური მუშაობა LEADER მიდგომის განუყოფელი ნაწილია და გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და იურიდიული პირების გამოცდილების და კომპეტენციების გაზრდას. სოფლის განვითარება უპირატესად დამოკიდებულია ინფორმაციის გაზიარებასა და არსებული მეთოდების გაუმჯობესებაზე, ჯეროვანი პრაქტიკის, ინოვაციებისა და მიღებული გამოცდილების გავრცელებაზე.
არსებობს ქსელური მუშაობის სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა: ინსტიტუციური, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი. თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია მთლიანი პროცესისათვის და საკუთარ როლს ასრულებს მთლიანობაში სოფლის განვითარებაში.

ელემენტი 7: თანამშრომლობა
თავად თანამშრომლობა უფრო ფართო ცნებაა. სხვადასხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს უკეთესი შედეგების მიღწევასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. თანამშრომლობა შეიძლება მიმართული იყო საერთო იდეისა და მიზნებისაკენ, როგორიცაა: ტერიტორიებს შორის თანამშრომლობა რაიონებს შორის და ტრანსნაციონალური - ლიდერთა ჯგუფებს შორის.