დასრულდა იდეების მიღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.

დაინტერესებულ პირების მიერ საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე იდეების წარმოდგენა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე იყო შესაძლებელი.

საგრანტო ინიციატივების განხილვა უკვე დაწყებულია. განაცხადებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭო განიხილავს. კონკურსის შედეგები აპლიკანტებს ეტაპობრივად ეცნობებათ.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი ამა წლის 18 სექტემბერს გამოცხადდა. საგრანტო კონკურსის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც უპასუხებენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და  ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პროექტი "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "ქეა“-ს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.