ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა დაასრულა ტრენინგების ეტაპი განმცხადებლებისთვის, რომელთა იდეა საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე შეირჩა სრული განაცხადის წარმოსადგენად. ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ქეა ავსტრიის მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოხდება ლაგოდეხში იმ სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ადგილობრივ საჭიროებებს და პრიორიტეტებს პასუხობს. ტრენინგების მიზანია, განმცხადებლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია განაცხადის ტექნიკური მოთხოვნების შესახებ და მისცეს ძირითადი უნარები, რომლებიც პროექტის სწორად დაწერისთვის არის საჭირო.

კონკურსის ფარგლებში, ლაგოდეხის მაცხოვრებელ 68 ადამიანს, რომელთაც სრული განაცხადის წარმოდგენა მოეთხოვებათ, მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტის წერასა და ბიუჯეტის მომზადებაში კომერციული და სოციალური პროექტებისთვის. ტრენინგები 17-27 ნოემბერს მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, განმცხადებლებმა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და პროექტის გუნდისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ, ასევე როგორ შეავსონ სწორად განაცხადის ფორმა და შეადგინონ ბიზნეს-გეგმა.

ტრენინგებზე მიღებული ინფორმაცია განმცხადებლებს  წარმატებული და კონკურენტუნარიანი განაცხადის მომზადებაში დაეხმარება, რაც საგრანტო კონკურსის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები წარმოადგენენ იდეას, მომდევნო ეტაპზე კი სრული განაცხადის ფორმას. ბოლო საგრანტო კონკურსის ფარგლებში ინტერესთა გამოხატვა 22 ოქტომბერს დასრულდა. მეორე ეტაპზე 68 განაცხადი შეირჩა. სრული გაანცხადის წარდგენის ბოლო ვადა 10 დეკემბერია.